ბიზნესის წარმატების 5 ოქროს წესი

ხშირად ვსვამთ კითხვას, თუ რა პრინციპებს უნდა დავაფუძნოთ ბიზნესი. ამისთვის ვეცნობით უამრავ ბიზნეს მოდელს, ცნობილი კომპანიების მაგალითებს და თანამედროვე ბიზნეს ლიტერატურას მენეჯმენტის თემაზე.
მიზანი ერთია: შევქმნათ წარმატებული ბიზნესი. წარმატების გაგება კი – სხვადასხვაგვარი. ზოგისთვის ის შემოსავლების სიუხვით იზომება, ზოგისთვის საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნით, ზოგისთვის კი ბიზნესის წარმატება თვითრეალიზებასთან ასოცირდება.
რაც არ უდნა იყოს ბიზნესის კეთების მოტივი, წინ ვერ წავალთ, თუ მას სწორ პრინციპებზე არ ავაგებთ. სწორ პრინციპებზე ფიქრისას კი თავში არა თანამედროვე ბიზნეს ბესტსელერების ავტორები, არამედ დიდი ქართველი მოაზროვნის ილიას ხუთი ქისა მახსენდება ოთარაანთ ქვრივიდან.

„გაჰყიდდაო [ოთარაანთ ქვრივი] ღვინოსა და მომეტებულს პურს თუ არა, ფულს ხუთ ნაწილად ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთასავით შეკერილები.

– ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“ ეძახდა და შიგ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად, მოსაზიდად და სალეწად.

– მეორე ქისას „ბარაქალა ქისას“ ეძახდა. ამაში ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის.

– მესამე ქისას “საჯანაბო” ერქვა. ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა.

– მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“.

– მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე ქისას ოთარაანთ ქვრივი ხან „ფარსიღას ქარვასლას“ ეძახდა, ხან „შიოს მარანსა“.

ილია საოცრად ლაკონურად გვიყალიბებს ოჯახის ბიუჯეტის მართვის ნიმუშს. მაგრამ უფრო სიღრმეებში თუ ჩავალთ, ეს მოდელი იდეალურად შეგვიძლია მოვარგოთ ბიზნესის მენეჯმენტსაც. პირველ რიგში ის გვასწავლის დაგეგმვის და დაზოგვის აუცილებლობას, რაც ბიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოკრძალებულია ჩვენი კომპანიის შემოსავლები, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ფულს ქისაში ვინახავთ, თუ ანაბარზე. აუცილებელია მივეჩვიოთ დანაზოგის გაკეთებას მაგალითად  რეზერვების ფორმით ან სულ მინიმუმ საამორტიზაციო თანხის გადადებით. რეზერვების აუცილებლობა პანდემიამ დაგვანახა, როცა ბევრი კომპანია შემოსავლების გარეშე დარჩა, ხარჯების გაღება კი მაინც უწევდა. ბევრი ბიზნესის მფლობელი მოგების პირადი მიზნებისთვის ათვისებით არის დაკავებული და არა სარეზერვო თანხის გადანახვით, რაც კომპანიას ხშირად ფატალური შედეგებისგან აზღვევს.

ბევრი პრობლემის არიდება შეგვიძლია ასევე დროული დაგეგმვით. თუ წინასწარი რეალისტური ანალიზის საფუძველზე გავთვლით ჩვენს მოსალოდნელ ხარჯებს და შემოსავლებს, სახსრების მიზნობრივად მობილიზებას მოვახერხებთ განსახორციელებელი თუ მიმდინარე პროექტებისთვის. ისე, როგორც ოთარაანთ ქვრივს ჰქონდა გადადებული ერთი მხრივ „საჭირნახულო“ სახარჯო თანხა მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობებისთვის და მეორე მხრივ თანხა ვენახის მოსალოდნელი სამუშაოებისთვის.

ბევრი დამწყები ბიზნესი განსაკუთრებით ჩამოყალიბების ეტაპზე გადასახადებისგან  თავის არიდებას ცდილობს. სახელმწიფო გარკვეული პერიოდი ტოლერანტულია ოჯახის პირობებში ოპერირებული მცირე საწარმოების მიმართ, თუმცა გრძელვადიან ჭრილში გადასახადების გადახდის ვალდებულება ჩვენი კეთილსინდისიერი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამას ემსახურებოდა ოთარაანთ ქვრივის საჯანაბო ქისაც.

განსაკუთრებით საყურადღებოა საჯამაგირო ხარჯები. აქ ილია ხაზს უსვამს დაქირავებული მუშახელისთვის დამსახურებული გასამრჯელოს მიცემის პასუხისმგებლობას. კომპანიის მმართველი ვალდებულია იზრუნოს თანამშრომლებისთვის სამართლიანი სამუშაო პირობების შექმნაზე, რაც ხშირად შრომის შესაბამის ანაზღაურებაში გამოიხატება. სამწუხაროდ ხშირად ვაწყდებით ქართულ ბიზნეს რეალობაში დაქირავებული კადრის შრომითი რესურსის გამოყენებას მინიმალური გასამრჯელოს ფასად, რაც დასაქმებულს შრომის მოტივაციას უქრობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შეუსაბამოდ მეტს გამოიმუშავებენ თავად მმართველები.

და ბოლოს, ილიას არც ის დავიწყნია, რასაც თანამედროვე ბიზნეს ენაზე კომპანიის კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR) უწოდებენ – ანუ კეთილი საქმისთვის და სხვისი დახმარებისთვის მეხუთე ქისიდან გაღებული თანხა. კომპანია, რომელიც შემოსავლების გენერირებას ახდენს, თავს ვალდებულად უნდა თვლიდეს, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში იზრუნოს სხვადასხვა სოციალური თუ საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაზე.

hand in hand.jpg
ილიას ხუთი ქისის მოდელს თუ შევაჯამებთ, ვიღებთ ბიზნესის წარმატების ხუთ პრინციპიან ფორმულას:
1.    გონივრული დაგეგმვა
2.    მიზნობრივი დაზოგვა
3.     ვალდებულებების აღება სახელმწიფოს წინაშე
4.    პასუხისმგებლობის აღება დასაქმებული კადრების წინაშე
5.    ქველმოქმედება

ამ ფორმულით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ბიზნესის წარმატების გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა მოტივით გვსურს წარმატების მიღწევა. თუ ჩვენი ამოსავალი წერტილი ბიზნესისგან მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მიღებაა, ამას მივაღწევთ სწორი დაგეგმვით, ფინანსური რესურსების მიზანმიმართული ხარჯვით, საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის გზით ჯარიმების თავიდან აცილებით, დასაქმებული მუშახელისთვის  ადეკვატური გასამრჯელოს გადახდით, რადგან მოტივირებულ თანამშრომელს უფრო მეტი სარგებელი და შემოსავლები მოაქვს კომპანიისთვის, ვიდრე უკმაყოფილოს და ბოლოს, სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისას საზოგადოების და შესაბამისად მომხმარებლის კეთილგანწყობის და ლოიალობის მოპოვებით, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ჩვენი პროდუქტების თუ სერვისების გაყიდვებზე და შემოსავლების ზრდაზე.

თუ ჩვენი მიზანი საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაა, აქაც საუკეთესო გზა ილიას ხუთი ქისის პრინციპით მოქმედებაა. სწორი დაგეგმვით და სწორი ხარჯვით შექმნით უსაფრთხო, გარანტირებულ სამუშაო გარემოს იმ თანამშრომლებისთვის, რომელზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა და ვიამაყებთ თუნდაც მცირედი წვლილით, რაც შეგვაქვს მათი ოჯახების კეთილდღეობაში.

ხოლო თუ ბიზნესი თვითრეალიზებისთვის გვჭირდება, მაშინ ვალდებული ვართ დავუმტკიცოთ თავს, რომ ჩვენ მის მართვას შევძლებთ, ეს კი შეუძლებელია დაგეგმვის, ფინანსების რაციონალური განკარგვის, ლეგალური ქმედებების და კადრებისადმი კეთილსინდისიერი მოპყრობის გარეშე. ტყუილად არ ერქვა მეოთხე ქისას ,,მიეცი და მოგეცესო,, რასაც გავცემთ თანამშრომლების საკეთილდღეოდ, თუნდაც მათი განვითარებისთვის და გადამზადებისთვის, ორმაგად დაგვიბრუნდება მათგან მოტივირებული და მადლიერი შრომის სახით. და არც სხვა რამ შეიძლება სჭირდებოდეს ადამიანს თვითრეალიზებისთვის იმაზე მეტად, ვიდრე სხვისი დახმარებით გამოწვეული შინაგანი კმაყოფილების და სიხარულის განცდა.

ასე რომ, შემოუერთდით BPN Georgia – ს ბიზნესის ადმინისტრირების სემინარს და ისწავლეთ, როგორ ააგოთ ბიზნესი სწორ საწარმოო, სამართლებრივ და ეთიკურ პრინციპებზე.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare